პეპლების გამოფენა

გამოფენა „პეპლების გადარჩენილი კოლექცია“
კოლექციის წარმომავლობა. პეპლების კოლექცია აბრეშუმის მუზეუმის შექმნის თანადროულია, მისი ძირითადი ნაწილი XIX საუკუნის ბოლოთი და XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება. კოლექციას შეადგენს რამდენიმე წყაროდან მოპოვებული ექსპონატები. პეპლების უმრავლესობა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურისა და მუზეუმის დამფუძნებელმა, ნიკოლაი შავროვმა ევროპიდან 1880-იან წლებში ჩამოიტანა. სადგურის მუშაობის დროს კოლექცია შეივსო კავკასიური ნიმუშებით, რომელიც ადგილზე შეგროვდა.
ჩვენი კოლექცია იმითაა საინტერესო, რომ შეიცავს ნიმუშებს თითქმის ყველა კონტინენტიდან: ევრაზია, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, აფრიკა. რასაკვირველია, მუზეუმის კოლექცია არ მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული პეპლების მთელ მრავალფეროვნებას, მაგრამ მაინც საკმარისად რეპრეზენტატიულია. 
კოლექცია შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
1.        . შავროვის მიერ შეგროვებული და მუზეუმისათვის ნაჩუქარი ევროპული და კავკასიური აბრეშუმხვევიას ნიმუშები
2.        თბილისში არსებული კავკასიის მუზეუმისგან საჩუქრად მიღებული კოლექცია
3.        ლიონის აბრეშუმსაცდელი ლაბორატორიის მიერ ნაჩუქარი ტროპიკული ნიმუშების კოლექცია
4.        პარიზის აკლიმატიზაციის ბაღის ზოოლოგიური მუზეუმის მიერ ნაჩუქარი ტროპიკული ნიმუშების კოლექცია
5.        შავროვის მიერ ლაიფციგში, ერნესტ ჰაინესგან შეძენილი ტროპიკული ნიმუშების კოლექცია
6.        სადგურის თანამშრომლების მიერ კავკასიაში მივლინებების დროს შეგროვებული და სადგურის ლაბორატორიაში არსებული სახეობების ეგზემპლარები
7.        ვალერი პეტროვის მიერ ბოლო წლებში შემოწირული ნიმუშები


კოლექციის მდგომარეობა და ჩატარებული სამუშაო. არასათანადო პირობების და მოვლის გამო კოლექცია რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საგრძნობლად დაზიანდა, ხოლო ბევრი ნიმუში სრულიად განადგურდა – მათგან მხოლოდ წარწერა და ქინძისთავები-ღა შემორჩა. მუზეუმის წინაშე დადგა ამოცანა, სასწრაფოდ ეღონა რაიმე კოლექციის გადასარჩენად.
უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო სპეციალისტებს ენახათ კოლექცია და თავისი აზრი გამოეთქვათ. ამისათვის ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები მოვიწვიეთ: ქ-ნი ეთერ დიდმანიძე და ბ-ნი ვალერი პეტროვი. მათ შეაფასეს კოლექციის მდგომარეობა და მეტად სასარგებლო რჩევებიც მოგვცეს. ვალერი პეტროვმა კი დაიწყო თანამშრომლობა მუზეუმთან და კოლექციის აღდგენა. პეპლების დიდ ნაწილს მავნებლებისგან დაზიანებული ჰქონდა სხეული, ზოგს – ფრთებიც.
მუზეუმის რესტავრატორმა, ვალერი პეტროვმა, გარდა იმისა, რომ აღადგინა შემორჩენილი ეგზემპლარები, რამდენიმე მნიშვნელოვანი ექსპონატიც შემატა კოლექციას – სახეობები, რომელიც თავდაპირველ კოლექციაში არსებობდა – ტროპიკული სახეობები (აფრიკიდან, მადაგასკარიდან, ინდოჩინეთიდან), რომელიც მას პირად კოლექციაში ჰქონდა. ეს მეტად სასიხარულო შემოწირულობაა მუზეუმისათვის. მის მიერვე ნაწილობრივ განახლდა ადგილობრივი აბრეშუმხვევიების ნიმუშებიც – ისინი ბუნებაში იქნა მოპოვებული და შეუერთდა მუზეუმის კოლექციას. გარდა ამისა, ვ. პეტროვმა დაამზადა იშვიათი სახეობების რამდენიმე ხელოვნური პეპელაც, რომელთა პროტოტიპები შავროვისეულ კოლექციაში არსებობდა და რომელთა შეძენა მუზეუმისთვის განსაკუთრებით ძნელი იქნებოდა, ვინაიდან მათ შესაბამისი ქვეყნების კანონმდებლობა იცავს.
კოლექციის ექსპონატების რაოდენობა. 1906 წლის კატალოგის თანახმად, მუზეუმის თავდაპირველი კოლექცია მოიცავდა 239 სახეობის 661 პეპელას. დღეს მუზეუმის კოლექციაში არის 161 სახეობის 314 პეპელა, აქედან 138 ეგზემპლარი აღდგენილი, ხოლო 23 – განადგურებული სახეობების ახალი ნიმუშებია.
კოლექციის სისტემატიზაცია. დროთა განმავლობაში XIX საუკუნეში მიღებულმა პეპლების კლასიფიკაციამ ცვლილება განიცადა და ამის შედეგად სადღეისოდ აბრეშუმხვევიათა ოჯახში გაერთიანებული ზოგიერთი ჯგუფი (Arctidae, Lichenidae, Sphingidae, Noctuidae) უკვე აღარ განიხილება, როგორც მისი ნაწილი.
ვინაიდან მუზეუმის კოლექცია შეიქმნა სწორედ XIX საუკუნეში, მისი კლასიფიკაციაც შეესაბამება იმ დროის მოთხოვნებს. შესაბამისად, ამ გამოფენაზეც გამოტანილია ყველა ნიმუში, რომელიც დღევანდელი კლასიფიკაციით აღარ განეკუთვნება აბრეშუმხვევიათა ოჯახს.
ადალბერტ ზეიცის ალბომი „მსოფლიოს პეპლები“. გამოფენაზე წარმოდგენილია აგრეთვე ცნობილი გერმანელი ენტომოლოგის, ადალბერტ ზეიცის (1860-1938) რარიტეტული ალბომის ნაწილი. პეპლების თითოეულ ყუთთან გამოფენილია ზეიცის ალბომის ის ფურცელი, რომელიც ასახავს შესაბამისი ოჯახის სახეობებს. ალბომი მუზეუმის ბიბლიოთეკაში ინახება.
ადალბერტ ზეიცი თავისი დროის გამოჩენილი ენტომოლოგი და კოლექციონერი იყო. ზეიცის მიერ მომზადებული წიგნები გამოირჩევა მეტად ზუსტი ილუსტრაციებით და ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ეს გამოცემები დღემდე არ კარგავს აქტუალობას მეცნიერებისათვის, თუმცა კი დროთა განმავლობაში შეიცვალა პეპლების კლასიფიკაციის, სისტემატიზაციის სისტემა.



2 comments:

  1. ძალიან საინტერესო და ინფორმაციით გაჯერებული ბლოგია. მადლობა მათ შემქმნელებს

    ReplyDelete
  2. კარგი ბლოგია! თემა ძალინ საჭიროა, იმედია, აბრეშუმის წარმოება საქართველოში აღდგება

    ReplyDelete